საქართველოს
სახელმწიფო
გერბი

მესტიის
მუნიციპალიტეტის
მერია
  2017-10-09

9 ოქტომბერს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა შეხვედრა პროექტის „ახალგაზრდები მუნიციპალური განვითარებისთვის“ ფარგლებში. შეხვედრა ჩაატარეს ააიპ „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ხელმძღვანელებმა ანზორ მეგრელიშვილმა და გიგა გლუნჩაძემ.
„ახალგაზრდები მუნიციპალური განვითარებისათვის“ წარმოადგენს სოციალურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ზაფხულის და ზამთრის ახალგაზრდული ბანაკებისა და სკოლების მეშვეობით ხდება უდიდესი ტურისტული სტიმულების შეტანა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. პროექტის მიმდინარეობისას მაქსიმალური აქცენტი კეთდება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე.
გაზაფხულის და შემოდგომის სეზონებზე საქართველოს 63–ივე მუნიციპალიტეტში ათასობით ახალგაზრდასთან (პროექტში მთელი ქვეყნის მასშტაბით 20 ათასამდე მოსწავლე და სტუდენტია ჩართული) ერთად პროექტის ხელმძღვანელები მსჯელობენ მუნიციპალური განვითარების გეგმებსა და ტენდენციებზე.
რაც შეეხება პრაქტიკულ მიმდინარეობას, ორგანიზაცია ირჩევს ისეთ წერტილებს (დასახლებას – სოფელს, რაიონს), რომელთაც ტურისტული კუთხით დიდი პერსპექტივა გააჩნია და იწყებს ამ წერტილების მუნიციპალურ–ტურისტული განვითარების ხელშეწყობას.
პროექტის შემდეგი ეტაპი მესტიის მუნიციპალიტეტიდან ჩატარდება 17 ნოემბერს, როდესაც შეირჩევა 20 ლიდერი ბავშვი და სწორედ ისინი განაგრძობენ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას.

  2017-09-30

30 სექტემბერს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის სააქტო დარბაზში ევროპასთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) განხორციელების ფორმატში, მთვარობასა და კერძო სექტორს შორის, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა ორგანიზებულ იქნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში. შეხვედრის მიზანი იყო ყველა დაინტერსებული მხარის აქტიური ჩართულობა და საკონსულტაციო რეჟიმი (DCFTA)-სთან დაკავშირებული საკითხების გარშემო, რომელიც შეეხება ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას და მასთან მიმართებაში არსებულ რეგიონალურ გამოწვევებს.

შეხვედრაზე დასწრე საზოგადოებას პრეზენტაციები წარუდგინეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ბატონმა გენადი არველაძემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ბატონმა არჩილ ყარაულაშვილმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა ნატო ჩიქოვანმა, სახელმწიფო პროგრამა ‘’აწარმოე საქართველოში’’ მენეჯერმა ქალბატონმა თეონა ბაბუნაშვილმა, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის ექსპერტმა ბატონმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ ბატონმა ანდრე გონჩაჟმა.

შეხვედრამ საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

  2017-09-28

28 სექტემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ორგანიზებით, გაიმართა საარსებო წყაროების ფორუმი , სადაც მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დევნილებს თავიანთი პროგრამები და პროექტები გააცნეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ და მოსახლეობის კითხვებს პასუხობდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი უჯმაჯურიძე.
საარსებო წყაროების ფორუმზე დევნილებს საშუალება ჰქონდათ, ერთ სივრცეში მიეღოთ სასურველი ინფორმაცია და ჩართულიყვნენ ქვეყანაში მოქმედ საარსებო წყაროების პროგრამებში/პროექტებში. 
სააგენტოში მიმდინარე ორი საგრანტო პროგრამის ("ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის" და „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამა“) ფარგლებში დევნილებმა ადგილზე შეავსეს და ჩააბარეს საგრანტო განაცხადები. 
ფორუმში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებაში ჩართული სხვა სახელმწიფო სტრუქტურებიც. ასევე, ფორუმში მონაწილეობდნენ იმ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთში, საარსებო წყაროების პროექტებს/პროგრამებს ახორციელებენ.
ფორუმში, ასევე, მონაწილეობას მიიღო იუსტიციის სახლის წარმომადგენელმა, რომელმაც დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში მიმდინარე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადები ჩაიბარა.
საარსებო წყაროების ფორუმი, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

3
...