საქართველოს
სახელმწიფო
გერბი
საიტი დამზადების
პროცესშია

მესტიის
მუნიციპალიტეტის
გამგეობა
საიტი დამზადების
პროცესშია

1) მუჟალის სოფ. ჩვაბიანის მაცხოვრის სახელობის ეკლესია  X საუკუნეშია აშენებული. იგი შვერილ-აბსიდიანი ნაგებობაა. მის ინტერიერს ამკობს ხუთთაღიანი კანკელი. ეკლესიის აბსიდი  X საუკუნეშივე მოუხატავთ ვინმე ამროლასა და მიქაელის სახსრებით, ლაზარეს მამასახლისობისას, ბაგრატ III -ის მეფობის დროს, რასაც ვიგებთ აბსიდის კედლებზე შესრულებული წარწერებიდან.  მოხატულობა გამოირჩევა დახვეწილი კოლორიტით. გამოყენებულია ძვირფასი საღებავი - ლაჟვარდი, რომელიც სვანეთის მხატვრობაში სხვაგან არსად არ გვხდება. ეკლესია ხელმეორედ XIII-საუკუნეში მოუხატავთ

2) კალას წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის ეკლესია (სვანურად ლაგურკა). მესტიის რაიონის სოფ. კალაში მდებარეობს. იგი X-საუკუნეშია აშენებული მოყვითალო ფერის ქვით, მცირე ზომის, დარბაზული ტიპის ეკლესიაა. შუა საუკუნეებში იგი წარმოადგენდა სამონასტრო კომპლექსს. ეკლესია 1112 წელს მოიხატა მეფის მხატვარ თევდორეს მიერ, რომელსაც მანამდე 1096 წელს სვანეთში მოხატული ჰქონდა იფარის მთავარანგელოზის ეკლესია. ეკლესიაში დაცულია კალას თემის მთელი საგანძური ( X-XII-XIII) შუა საუკუნეების ჭედური და ფერწერული ხატები. აქვე ინახება მინანქრებით შემკული სანაწილე ხატი, რომელსაც სვანები ,,შალიანის ხატს'' უწოდებენ.

3)  ნაკიფარის წმ. გიორგის სახ. ეკლესია X-საუკუნეში აუშენებიათ შირიმით. იგი დარბაზული ტიპის სამლოცველოა. მისი აღმოსავლეთი ფასადი შემკულია მოხატულობითა და ცხოველთა რელიეფური გამოსახულებებით (ხარის, არჩვის, ირმის, ლომის და დათვის გამოსახულებანი). გარეთა შემკულობაც ეკლესიის აშენების თანადროულია.

მისი ინტერიერი მოხატულია მეფის მხატვარ თევდორეს მიერ 1130 წელს, მხატვრობა ძალზე შთამბეჭდავია. გამოირჩევა საინტერესო მხატვრული გადაწყვეტით. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს კონქის კომპოზიცია, სადაც ვედრების გავრცობილი ვერსიაა გამოსახული და ჩრდილოეთ კედელზე მოთავსებული წმ. მხედრების (წმ. გიორგისა და წმ. თევდორეს საზეიმო, ჰერალდიკური ხასიათის კომპოზიცია.  ეკლესიაში დაცულია XI-XII-XIII-სს. ჭედური ხატები. აქვე ინახება XI-საუკუნეში მოღვაწე ოქრომჭედლის  - ასანის მიერ შესრულებული წმ. გიორგის ჭედური ხარი (მარუშინის დაკვეთით). ეკლესია ამჟამად მოქმედია.

4)  მაცხოვრის სახელობის ეკლესია მდებარეობს მესტიის რაიონის სოფ. ლატალში (სვანები მას ,,მაცხვარიშით'' მოიხსენიებენ). ეკლესია X-საუკუნეში აუშენებიათ შირიმის ქვით. იგი დარბაზული ტიპის ეკლესიაა. მისი ინტერიერი მოხატულია მიქაელ მაღლაკელიძის მიერ 1140 წელს. დემეტრე პირველის მეფობის მე-15 წელს, რასაც გვამცნობს ჩრდ. კედელზე ასომთავრულით შესრულებული წარწერა. მოხატულობისათვის დამახასიათებელია დეკორატიულობის ხაზგასმა. გარდა იმისა, რომ ეს ძეგლი მაღალმხატვრულობით გამოირჩევა, იგი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ აქ (ჩრდ. კედელზე) გამოსახულია დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალი. ქართველი დიდებულები მას წელზე ხმალს შემოარტყამენ.

ეკლესია მდიდარია შუა საუკუნეების ფერწერული ხატებით. აქვეა დაცული XII- საუკუნის ბიზანტიური საწინამძღვრო ჯვარი, რომელიც ტიხრული მინანქრებითაა შემკული. ეკლესია მოქმედია

5) ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ეკლესია, მესტიის ძველ უბანში ლაღამში  მდებარეობს. იგი ორსართულიანი დარბაზული ტიპის ეკლესიაა. პირველი სართულის არქიტექტურა X-საუკუნისაა, მისი კედლის მხატვრობის პირველი ფენა, მეორე კი XII-საუკუნისაა. მე-2 სართულის ინტერიერიც და ფასადიც XIV საუკუნეში მოუხატავთ.

სვანეთის იტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსდა 1936 წელს, როგორც მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული ნივთიერი ძეგლების ბაზაზე. ჩამოყალიბების დროისათვის მუზეუმს რამდენიმე ექსპონატი ჰქონდა. შეგროვებითი და სამხარეოთმცოდნეო მუშაობის შედეგად მუზეუმის თანამშრომლებმა, მეცნიერებმა და ადგილობრივმა საზოგადოებამ 1948 წელს ყოფილი საგვარეულო ეკლესიებიდან მუზეუმში გადმოიტანეს 21 ხელნაწერი. 1984 წლისათვის ფონდსა და საცავებში 12 282 ექსპონატი ირიცხებოდა. მათ შორის ბევრი უნიკალური ნივთია: სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, აგრეთვე ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები (X ს-ის მაცხოვრის ხატი, XI ს-ის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, XII ს-ის “ორმოცი მოწამის ხატი” და “ჯვარცმის ხატი”, ღვთისმშობლის IX-X სს-ის ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო ნივთები - IX-XIV სს-ის სამწერობლები და სხვა), უძველესი ხელნაწერები (XI-XIII სს-ის ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით), ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა. 

 

 

 

 

საფონდო ერთეულთა რაოდენობა: 4090 ექსპონატი 

საბიუჯეტო სტატუსი: სახელმწიფო 

ორგანიზაციის კლასიფიკაცია: ისტორიული 

ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა: სსიპ 2004 წლიდან (საქართველოს ეროვნული მუზეუმი)

მისამართი: 3200, დაბა მესტია

ტელეფონი: (+995 99)794241

მუშაობის რეჟიმი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან - 17 სთ-მდე.

შესასვლელი ბილეთის ფასი: